Tag Archives: ცნობიერება

იკიგაი: მისიაზე ორიენტირებული

“We must, so far as we can, make ourselves immortal, and strain every nerve to live in accordance with the best thing in us.” – Aristotle

სანამ მის წერილს ველოდი, მარშალის “იკიგაის” კითხვა დავიწყე. “იკიგაი” იაპონური კონცეფციაა და ნიშნავს “მიზეზს ყოფნისათვის”. იაპონელებს თუ დავუჯერებთ, ყველა ადამიანს აქვს თავისი “იკიგაი” – ცხოვრებისეული დანიშნულება, რომლის საპოვნელადაც საჭიროა საკუთარი თავის ძიების შრომატევადი და გრძელვადიანი პროცესის გავლა.

ადამიანების უმეტესობა იკიგაის ძებნას არც იწყებს. მცირე ნაწილი – ძებნას იწყებს, მაგრამ ვერ პოულობს, ან პოულობს და ვერ ახორციელებას. მხოლოდ რჩეული ადამიანები პოულობენ და ახორციელებენ თავის იკიგაის.

მე ჯერ არ ვიცი, რა არის ჩემი იკიგაი, მაგრამ ჩემი მისია მისი პოვნაა.

*

თავს რომ ჰკითხოთ, რისი კეთება გსურთ მთელი ცხოვრება, რას უპასუხებდით?

მე მხოლოდ სამი რამ მინდა, ვცოცხლობდე, ვქმნიდე და მიყვარდეს.

*

ერთხელ ფსიქოლოგიური არტ თერაპიის მასწავლებელმა პირადი დროშები დაგვახატინა.

flagჩემი დროშა ჩეხეთის დროშის შებრუნებული ვერსია გამოვიდა. სამი ფერი ავირჩიე, წითელი, ლურჯი და თეთრი. ლურჯი – რაციონალობას, ლოგიკას და აზროვნებას ნიშნავს. წითელი – ირაციონალობას, ემოციებს და ინტუციას. თეთრი კი უმაღლესი ცნობიერებაა, 100% Mindfulness, რომელიც გადაფარავს ყოველგვარ შფოთს და მოუსვენრობას, როგორც ემოციებისგან, ისე აზროვნებისგან გამოწვეულს. ეს შეიძლება იყოს სიკვდილი, ან მარადიული სიცოცხლე. ეს არის გულწრფელი მოწყენილობა, რადგან გარშემო არაფერი ხდება, რაც შენ შეგაწუხებს და არაფერი ხდება შენში, რაც გარესამყაროს შეაწუხებს. ყველაფერი წონასწორობაშია.

ამ დროშით შემდეგი შეტყობინების გადმოცემა მინდოდა:

ყოვლისმომცევლი ცნობიერების მისაღწევად ემოციების და ლოგიკის დაბალანსებაა საჭირო.

პრაქტიკაში ამ ბალანსს ვერაფრით ვახორციელებ.

*

ნამდვილი რეალობის აღქმა დავკარგე. ყველაფერი სიზმრის ფერია, რაც გარშემო ხდება. მხოლოდ ის მიზნები მეჩვენება რეალურად, რაც ჩემს თავში შეიქმნა.

თითქოს სადღაც სარკისმიღმეთში ვცხოვრობ. ადამიანებს ველაპარაკები, ვიცინი, ვჭამ, დავდივარ, მაგრამ მგონია, რომ გარს თხელი, გამჭვირვალე მემბრანა მაკრავს. თითქოს წყალქვეშ ვარ. ყველა ხმა დუდუნით ჩამესმის. ყველა გამოსახულება გაცრეცილია. ჩემი ნაბიჯები ცურვას ჰგავს. ჩემი ცხოვრება გარესამყაროსგან იზოლირებულად მიედინება. ჩემს გონებას შიგნიდან ვხედავ. ადამიანებს თვალებში ვუყურებ, მაგრამ მათ სახელებს და სახეებსაც კი ვერ ვიმახსოვრებ.

მხოლოდ ერთადერთი კავშირი მაქვს რეალობასთან – წიგნები, ბლოგები, ინტერნეტი და თითზე ჩამოსათვლელი დიდებული ადამიანები. ამ ადამიანებისგან უმეტესობა მრავალი წლის წინ გარდაიცვალა.

თუ რომელიმე ცოცხალი ადამიანი ახერხებს ამ მემბრანაში შემოღწევას, მისი გამოჩენა მაცოცხლებელი ნიავის დაბერვასავითაა.

ისინი მალევე გარბიან… ძნელია მემბრანაში მყოფთან ურთიერთობა. მუდმივად უნდა ცდილობდე ამ კედლების დარღვევას, ის კი ხან ჩანს და მემბრანის კედლები თხელდება, თითქოს მიწვდები… ხან კი მემბრანა ნაჭუჭად იქცევა და შეღწევა შეუძლებელია.

*

დიდი ხანია ვაღიარე, რომ არასოდეს არ მექნება ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრება – როგორიც ადამიანების უმეტესობას. არ ვიცი, რომელ ქვეყანაში ვიცხოვრებ, მექნება თუ არა საკუთარი სახლი, მეყოლება თუ არა ოჯახი და შვილები, ვეყვარები თუ არა ვინმეს, როდის ვნახავ მეგობრებს, თუ მივეკუთვნები რომელიმე სოციალურ წრეს. ადამიანები შორიდან შეიტყობენ ჩემი წარმატების შესახებ, მხრებს აიჩეჩავენ და იტყვიან, “ეგ ყოველთვის სხვანაირი იყო…” და გააგრძელებენ ცხოვრებას. სინამდვილეში ვერაფერს გაიგებენ.

პირველად ამას მაშინ მივხვდი, როცა ბარსელონაში საგრადა ფამილია დავინახე. ის ისეთი გრანდიოზული ჩანდა, მთელს დედამიწაზე თავი ყველაზე მარტოსულ ადამიანად ვიგრძენი. იმ მომენტში მივხვდი, თუ რას გრძნობენ მისიაზე ორიენტირებული სხვა ადამიანები – ყოვლისმომცველ გაუცხოებას და ინტელექტუალურ მარტოობას. მოწოლილ ემოციებს ვეღარ გავუძელი. ცხარე ცრემლით ავტირდი.

ადრე განვიცდიდი, დღეს ეს უკვე აღარ მაღელვებს. სხვაგვარად არაფერი გამოვა. იკიგაი მეძახის.

*

“… I cried for the first time in three years when I realized it. The million dollar question … why don’t people take the large opportunities in front of them? Why don’t they allow their dreams to become realities? Because it means you won’t be understood. And we need to be understood, fundamentally, it’s so important to us.” – SM, Ikigai

წავიკითხე და გამეღიმა. 🙂

ფოტო: Lacie Slezak