Tag Archives: უქმეები

ჩემი რუტინა

“Operations are the coordination of tactics over time.” – Sebastian Marshall, Progression.

ჩემი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იწყება ღამის 11 საათზე.

ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მეტი პროდუქტიულობისთვის აზროვნების სისტემაში პირველი ეს ცვლილება დამჭირდა: ახალი დღე იწყება ღამე, ზუსტად იმ დროს, როცა დასაძინებლად ვწვები.

7:00 – ვიღვიძებ. ვსვამ 0.5 ლ. წყალს და 7:30-მდე წიგნს ვკითხულობ (ასე ვფხიზლდები).
7:30 – ვიმზადებ საუზმეს და სადილს (შუადღისთვის). youtube-ზე ვუყურებ ჩემი საყვარელი “ცხოვრების ინსტრუქტორების”¹ ვიდეოებს, თან პარალელურად ვვარჯიშობ (კროსტრენინგი და იოგა, დღეების მონაცვლეობით).
8:30 – შხაპს ვივლებ, იმეილს და facebook-ს ვამოწმებ.
9:00 – ვსაუზმობ. პარალელურად youtube-ს ან ტელევიზორს ვუყურებ.
9:30 – ვიცვამ და ვემზადები წასასვლელად.
10:00 – სახლიდან გავდივარ. თან ლანჩი მიმაქვს. ოფისამდე ჩქარი ნაბიჯით მივდივარ, რასაც 15-20 წუთი სჭირდება.
11:30 – ვერთვები სამსახურის გაწამაწიაში. მუშაობის პარალელურად 1 ლიტრამდე წყალს ვსვამ.
14:00 – სამზარეულოში ჩავდივარ სასადილოდ.
14:30 – ვაგრძელებ მუშაობას.
19:00 / 20:00 – სახლში მივდივარ. როგორც წესი, ოფისს ყოველთვის მე ვკეტავ. გასვლის წინ ისევ 0.5 ლიტრ წყალს ვსვამ. სახლში ისევ ჩქარი ნაბიჯით ვბრუნდები. ესეც ჩემი ყოველდღიური გარანტირებული 30 წუთიანი ფეხით სიარული და 2 ლიტრი წყალი!
20:30 – ამ დროს უკვე საშინლად დაღლილი ვარ. ვახშამს ვიმზადებ და შევექცევი.
21:30 – მომდევნო დღეს ვგეგმავ.
23:00 – როგორც წესი, წიგნის კითხვაში მეძინება. დღე დასრულებულია.

routine

დაახლოებით ასე გამოიყურება ჩემი კალენდარი

როცა სკოპიეში ვარ და არ ვმოგზაურობ, ეს არის სამუშაო დღეების ძირითადი რუტინა. ხანდახან შუა კვირაში სუპერმარკეტში შევლა და პროდუქტების მარაგის შევსება მიწევს. ხანდახან სახლში ვახშმობის ნაცვლად, ვინმესთან ერთად გარეთ ვვახშმობ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება, რადგან სკოპიეში ბევრი ახლო მეგობარი არ მყავს. ყველა საოჯახო საქმე, სარეცხი და პროდუქტების შეძენა უქმე დღეებზე მაქვს გადანაწილებული.

უქმეებზეც დილის 7 საათზე ვიღვიძებ. შაბათს ვოდნოზე² საცოცად, პარკში სარბენად ან სავარჯიშოდ მივდივარ. ვალაგებ სახლს, ვრეცხავ სარეცხს, ვგეგმავ სოციალურ აქტივობებს და ვკითხულობ. კვირას კი წერის ან კითხვის სპრინტს³ ვაწყობ, ვიმარაგებ პროდუქტებს, ვგეგმავ მომდევნო კვირას, ვგეგმავ სოციალურ აქტივობებს და ისევ ვკითხულობ.

ამ რუტინიდან, ცხადია, მაქვს გადახვევებიც, მაგალითად ზოგჯერ შუა კვირაში უქმე დღე გამოერევა და ოფისში გასვლა არ მიწევს. ამ დროს სახლიდან ვმუშაობ და ვცდილობ საღამოს ვინმეს შევხვდე, პარკში ან ქალაქის ცენტრში ფეხით გავისეირნო.

არის სხვა შემთხვევებიც, როდესაც ყველაფერს აზრი ეკარგება და უბრალოდ აღარ მინდა რუტინას მივყვე. ამ დროს უბრალოდ დივანზე ვწევარ, ჭერს ვუყურებ და დაჟინებით ვფიქრობ. მსგავსი სიტუაციებიდან გამოსასვლელად გარკვეული ხერხებიც შევიმუშავე, რომლებზეც მოგვიანებით დეტალურად დავწერ.

¹Life Coach
²ვოდნო - მთა სკოპიეში
³სპრინტი - მოკლე მანძილზე მაქსიმალური სისწრაფით სირბილი