Tag Archives: იმედი

ერთი თვის შემდეგ

“You seem like you’ve got a mix of strong drive, clear thinking, and a wonderful philosophical orientation to life.” – SM

1 თვის წინ, ამ ბლოგზე პირველი პოსტი გამოვაქვეყნე, რომელშიც მიწერია, რომ “სებასტიან მარშალის წიგნის კითხვა დავიწყე და შთაგონებული ვარ“.

როცა კითხვა დავასრულე, წერილი გავუგზავნე.

*

უკვე 4 წელია, ყოველ შემოდგომაზე, ამერიკის დიდ ქალაქებში სასწავლო-საქველმოქმედო ტურს მართავს; სხვადასხვა უნივერსიტეტების კამპუსებში ტრენინგებს და სესიებს ატარებს. წლევანდელი ტური 30 ოქტომბერს ნიუ იორკის უნივერსიტეტის კამპუსში იწყება.

*

რამდენიმე დღის წინ, 2017 წლის ტურის გუნდში მოკლევადიანი ვაკანსია გამოაცხადა.

*

ის ჭკვიანი და საინტერესო ადამიანია. რამდენიმე კარგი წიგნი აქვს გამოქვეყნებული პროდუქტიულობის და ლიდერობის შესახებ. მის ბლოგს, რომელსაც “სტრატეგიის, ფილოსოფიის, თვით-დისციპლინის, მეცნიერებისა და გამარჯვების” შესახებ წერს, ათასობით (მაღალი ხარისხის) მკითხველი ჰყავს.

ყოველ ხუთშაბათს ჩემს ინბოქსში თითო ესსე მოდის. ამ ნიუსლეთერს “სტრატეგიული მიმოხილვა” ჰქვია. მარშალი ისტორიულ მოვლენებს ისეთი დეტალურობით და ესთეტიკით აღწერს, შეუძლებელია მის მიმართ პატივისცემის გრძობა არ გაგიჩნდეს. ბევრი სხვა ჭკვიანი და გავლენიანი ადამიანი რჩევებს ეკითხება და ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებაში ფულს უხდის. მუდმივად მოგზაურობს და სხვადასხვა კულტურებს სწავლობს.

მარტივი სიტყვებით – ერთგვარი სტრატეგიული კონსულტანტი და “ციფრული მომთაბარეა” (digital nomad). რთული სიტყვები კი აქ არ დამეტევა.

*

ერთი კვირის წინ მისგან წერილი მივიღე.

*

შესაძლებელია მომავალი წლის ტურზე ერთი თვით მის გუნდს შევუერთდე. ტურის გუნდის წევრები მასთან ერთად მომთაბარეობენ და წინასწარ შერჩეულ ამერიკულ უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის სემინარებს ატარებენ.

*

“ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა ამ პოზიციის შესახებ და მე მხოლოდ ორი თავისუფალი ადგილი მაქვს, მაგრამ გულწრფელად ვფიქრობ, რომ პოტენციურად შენ საუკეთესოთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო ხარ.”

*

გადაწყვეტილების მისაღებად, ჩემთან პირადად გასაუბრება სჭირდება. შემომთავაზა, რომ სადმე მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში გადავიკვეთოთ და ერთმანეთი გავიცნოთ.

*

ერთი სამყარო, რომელშიც ის – საინტერესო წიგნების ავტორი – და მე – აღფრთოვანებული მკითხველი – ერთმანეთს არ ვიცნობდით, შესაძლოა შეიცვალოს მეორე სამყაროთი, სადაც მან იცის ჩემზე, ხოლო მე იმედგაცრუებული ვარ.

*

რამდენიმე თარიღი შევთავაზე შეხვედრისთვის. კვირას ნიუ იორკში გაფრენას ვაპირებდი, ტურის გახსნის მოსაწვევიც მქონდა, მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან წერილზე აღარ მიპასუხა. ალბათ მეტისმეტად დაკავებული იყო და მომავლისთვის გადადო შეხვედრა; მე კი საკმარისად ავანტიურისტი არ აღმოვჩნდი, პირდაპირ მეყიდა თვითმფრინავის ბილეთი და ნიუ იორკში ჩავსულიყავი. არადა, მართლა მზად ვიყავი ამაღამ გავფრენილიყავი და კვირას ნიუ იორკის უნივერსიტეტში ჩემი იმედგაცრუებისა და რეალობისთვის შემეხედა თვალებში.

*

ოდესმე შევხვდებით და ვისაუბრებთ ამაზე. მან შეიძლება მითხრას, რომ მცდიდა, თუ როგორ მოვიქცეოდი კრიტიკულ სიტუაციაში. მე კი ამ ხუთშაბათის “სტრატეგიულ მიმოხილვას” ამოვიღებ რომელიც “მოთმინებას” ეძღვნება და ვეტყვი, რომ Expedia-ზე თბილისი-ნიუ იორკის ფრენები მქონდა ბრაუზერში გახსნილი, როდესაც იაპონიის სამი დიდი გამაერთიანებლის შესახებ მისი ეს ტექსტი წავიკითხე:

ჩიტი ჩამოჯდება მახლობელი ხის ტოტზე და ბერი შეეკითხება თითოეულს.

“თუ გსურთ, რომ ჩიტმა ჭიკჭიკი დაიწყოს, მაგრამ ის არ ჭიკჭიკებს, რას იზამთ?”

პირველი ნობუნაგა ამბობს – “თუ ჩიტი არ ჭიკჭიკებს, მოვკლავ მას.”

მეორე ჰიდეიოსი ამბობს – “თუ ჩიტი არ ჭიკჭიკებს, ჭიკჭიკს მოვანდომებ მას.”

იეიასუ ჩუმად არის.

“შენ, იეიასუ? შენ რას იზამ, თუ ჩიტი არ ჭიკჭიკებს?”

იეიასუ პასუხობს –

“მოვიცდი.”

*

თუ ის მეტყვის, რომ სუსტი ვარ, ვუპასუხებ, რომ მე ბიოჰაკერი ვარ, ის კი ტუტუცია.

ფოტო: Annie Spratt