Tag Archives: თვითგანვითარება

რატომ შეიქმნა “ბიოჰაკერი”?

“Come on now, it’s not resting in the shade that makes great deeds. People who just rest through life leave nothing of worth behind… Vanish thy weariness by the mind’s effort.”- Virgil in Dante’s Divine Comedy

რატომ შევქმენი “ბიოჰაკერი”?

მამაჩემის გამო.
…რომელიც სულ მეუბნება, რომ მასზე არ ვზრუნავ.
…რომელთან საუბარიც მუდამ მენატრება, მაგრამ მასთან ხშირი კომუნიკაციის ორივესთვის თანაბრად მისაღები ფორმატი ჯერ ვერ გამოვნახე.
…რომელმაც მირჩია, რომ აჯობებს ყველაფერი ჩავიწერო, რაც კი თავს გადამხდება.
…რომელიც უკვე ჯერ 54 წლისაა და რომელმაც მინდა, რომ კიდევ ძალიან, ძალიან დიდხანს ჯანმრთელად და ბედნიერად იცხოვროს.

დედაჩემის გამო.
…რომელიც არასდროს ისვენებს.
…რომელსაც უჭირს ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება.
…რომელიც იმ ადამიანების ცხოვრების წესზეც ახდენს გავლენას, ვინც მის გარშემოა.
…რომელმაც მინდა ისწავლოს საკუთარი თავის უფრო მეტად სიყვარული.
…რომელიც უკვე ჯერ 53 წლისაა და რომელმაც მინდა, რომ კიდევ ძალიან, ძალიან დიდხანს ჯანმრთელად და ბედნიერად იცხოვროს.

სხვა, უფრო იდეალისტური მიზეზებიც მაქვს:

1. ღირებულებების გავრცელება

“ბიოჰაკერს” გამოვიყენებ იმ ღირებულებებზე სასაუბროდ, რომლებიც მეხმარებიან გავიუმჯობესო ცხოვრების ხარისხი და უფრო ბედნიერი ვიყო. ეს ღირებულებებია: თვითგანვითარება, მიზანდასახულობა და ნებისყოფა. ამ თემას შემდეგ პოსტებში გავავრცობ.

2. სოციალური კონტექსტის შექმნა

ყოველთვის, როცა ვცდილობ, რამე ახალი ჩვევა გამოვიმუშავო, თუკი ის სოციალურ ნორმებში არ ჯდება, ყველა მხრიდან მხვდება საოცარი წინააღმდეგობა.

მინდა ამ ბლოგის გარშემო შეიკრიბოს და ერთმანეთს დაუკავშირდეს ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც თვითგანვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვისურვებ, რომ ეს ვებგვერდი გახდეს საკომუნიკაციო პლატფორმა, და მისი მკითხველები გახდნენ ერთგვარი “მხარდამჭერთა გუნდი” როგორც ჩემთვის, ისე – ერთმანეთისთვის.

3. თანამოაზრეების პოვნა

ყველაზე მეტად კი თანამოაზრეების პოვნის იმედი მაქვს. მინდა შევხვდე ადამიანებს – ვინც ქმნიან საკუთარ თავს და ქმნიან მომავალს.

მინდა გავიცნო სხვა “ბიოჰაკერები” – ადამიანები, ვინ ჩაბმულია მღელვარე და დატვირთულ პროფესიულ ცხოვრებაში, თუმცა ეს ხელს არ უშლის, იზრუნოს თვითგანვითარებაზე და თვითშემეცნებაზე, ვინც ენერგიას უქმად არ ხარჯავს, ვინც ორიენტირებულია შრომის ნაყოფიერებაზე, ზრუნავს ჯანმრთელობაზე, ვინც ყურადღებას აქცევს კვებას და იცავს ვარჯიშის გარკვეულ რეჟიმს, ვინც ცხოვრობს ერთი შეხედვით უცნაურ ყოველდღიურ რუტინაში და გააჩნია საინტერესო რიტუალები.

თქვენც შეგიძლიათ დამეხმაროთ ამ მიზნების მიღწევაში:

ვინ არის “ბიოჰაკერი”?

“The pain you feel today is the strength you feel tomorrow.” – Stephen Richards

ტერმინი “ჰაკერი” ნეგატიურ კონტექსტთან არის დაკავშირებული. სინამდვილეში “ჰაკერობა” სხვადასხვა შედეგის მისაღებად რამე სისტემის გამუდმებით წვალებას ნიშნავს.

ბიოჰაკერი არის ადამიანი, რომელიც საკუთარი სხეულის და გონების მოდიფიცირებას ცდილობს გრძელვადიან პერიოდში მეტი ეფექტიანობის მისაღწევად. ეს ეფექტიანობა შეიძლება დაკავშირებული იყოს პროდუქტიულობის გაზრდასთან, სიმდიდრის შექმნასთან, სოციალური აქტივების შეძენასთან, ფიტნესთან, ჯანმრთელობასთან, სიცოცხლის ხანგრძლივობასთან და ზოგადი ბედნიერების შეგრძნებასთან.

პირველი სახელდებული ბიოჰაკერები კალიფორნიაში, სილიკონის ველის სტარტაფებში¹ დაიბადნენ. როგორც ჩანს, მათ გაიაზრეს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ბიზნესსა და პროფესიულ საქმიანობაში საკუთარი “სისტემის”, ანუ სხეულისა და გონების ფლობას.

ტერმინი ახალია, თუმცა კონცეფცია უხსოვარი დროიდან, ადამიანის წარმოშობის მომენტიდან არსებობს.


valltortagorge620

პირველი ბიოჰაკერი ის პირველი ადამიანი იყო, რომელსაც სამყაროს შემეცნების ინტერესი გაუჩნდა; რომელმაც ხორცის შესაწვავად ცეცხლი გამოიყენა; რომელმაც სხეული ტყავით შეიმოსა; რომელმაც გამოიგონა ქვის იარაღები და ბორბალი; რომელმაც გამოქვაბულის კედელზე დახატა პირველი იეროგლიფი.

პირველი ბიოჰაკერი იყო ადამიანი, რომელსაც გაუჩნდა შეკითხვა – “ვინ ვარ მე?” – რომელმაც საკუთარი თავი გააცნობიერა და თავისსავე გამოთლილ ქანდაკებას პირველად სახელი მიაწერა.

პირველი ბიოჰაკერი იყო პირველი დიასახლისი (ან მამასახლისი), რომელმაც თიხისგან ჯამი გამოძერწა და საჭმელი მოხარშა.

პირველი ბიოჰაკერი იყო ადამიანი, რომელმაც თავისი ადამიანობის გასაზრისებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.

პირველი ბიოჰაკერები იყვნენ პირველი მონადირე, პირველი ათლეტი, პირველი გამომგონებელი, პირველი ექიმი, პირველი ფილოსოფოსი, პირველი ინჟინერი, პირველი დიასახლისი, პირველი მშენებელი, პირველი მიწათმოქმედი, პირველი მწერალი, პირველი მეცნიერი, პირველი მასწავლებელი… მათ გააჩნდათ ცხოვრების მიზანი, გატაცება და ყველანი იდგნენ საკუთარი თავის უმაღლესი შესაძლებლობების განხორციელებისკენ მიმავალ გზაზე.

პირველი ბიოჰაკერი ის ადამიანი იყო, რომელმაც ღმერთი კაცად გამოსახა.


თანამედროვე ბიოჰაკერის მთავარი მიზანია შექმნას და განაახლოს საკუთარი თავი, გაზარდოს ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები, გაძლიერდეს ფიზიკურად და მენტალურად. ბიოჰაკერისთვის სიძლიერე ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, სისუსტე კი მუდმივად დასაგმობი.

ბიოჰაკერი ლიდერია. ის მუდმივად უბიძგებს საკუთარ თავს და გარშემომყოფებს აღმავლობისკენ. მისი წარმატების საიდუმლო შემდეგია: მას შეუძლია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბეჯითად და გულმოდგენედ დაკავდეს უსიამოვნო საქმიანობით. ეს მხოლოდ მაღალი ცნობიერების ადამიანებს შეუძლიათ.

ბიოჰაკერი არის ადამიანი, ვინც გამუდმებით ცდილობს ადამიანური არსებობის სრულყოფას.

¹Startup - ახალწამოწყებული ბიზნესი, დამწყები კომპანია.