ვინ არის “ბიოჰაკერი”?

“The pain you feel today is the strength you feel tomorrow.” – Stephen Richards

ტერმინი “ჰაკერი” ნეგატიურ კონტექსტთან არის დაკავშირებული. სინამდვილეში “ჰაკერობა” სხვადასხვა შედეგის მისაღებად რამე სისტემის გამუდმებით წვალებას ნიშნავს.

ბიოჰაკერი არის ადამიანი, რომელიც საკუთარი სხეულის და გონების მოდიფიცირებას ცდილობს გრძელვადიან პერიოდში მეტი ეფექტიანობის მისაღწევად. ეს ეფექტიანობა შეიძლება დაკავშირებული იყოს პროდუქტიულობის გაზრდასთან, სიმდიდრის შექმნასთან, სოციალური აქტივების შეძენასთან, ფიტნესთან, ჯანმრთელობასთან, სიცოცხლის ხანგრძლივობასთან და ზოგადი ბედნიერების შეგრძნებასთან.

პირველი სახელდებული ბიოჰაკერები კალიფორნიაში, სილიკონის ველის სტარტაფებში¹ დაიბადნენ. როგორც ჩანს, მათ გაიაზრეს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ბიზნესსა და პროფესიულ საქმიანობაში საკუთარი “სისტემის”, ანუ სხეულისა და გონების ფლობას.

ტერმინი ახალია, თუმცა კონცეფცია უხსოვარი დროიდან, ადამიანის წარმოშობის მომენტიდან არსებობს.


valltortagorge620

პირველი ბიოჰაკერი ის პირველი ადამიანი იყო, რომელსაც სამყაროს შემეცნების ინტერესი გაუჩნდა; რომელმაც ხორცის შესაწვავად ცეცხლი გამოიყენა; რომელმაც სხეული ტყავით შეიმოსა; რომელმაც გამოიგონა ქვის იარაღები და ბორბალი; რომელმაც გამოქვაბულის კედელზე დახატა პირველი იეროგლიფი.

პირველი ბიოჰაკერი იყო ადამიანი, რომელსაც გაუჩნდა შეკითხვა – “ვინ ვარ მე?” – რომელმაც საკუთარი თავი გააცნობიერა და თავისსავე გამოთლილ ქანდაკებას პირველად სახელი მიაწერა.

პირველი ბიოჰაკერი იყო პირველი დიასახლისი (ან მამასახლისი), რომელმაც თიხისგან ჯამი გამოძერწა და საჭმელი მოხარშა.

პირველი ბიოჰაკერი იყო ადამიანი, რომელმაც თავისი ადამიანობის გასაზრისებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.

პირველი ბიოჰაკერები იყვნენ პირველი მონადირე, პირველი ათლეტი, პირველი გამომგონებელი, პირველი ექიმი, პირველი ფილოსოფოსი, პირველი ინჟინერი, პირველი დიასახლისი, პირველი მშენებელი, პირველი მიწათმოქმედი, პირველი მწერალი, პირველი მეცნიერი, პირველი მასწავლებელი… მათ გააჩნდათ ცხოვრების მიზანი, გატაცება და ყველანი იდგნენ საკუთარი თავის უმაღლესი შესაძლებლობების განხორციელებისკენ მიმავალ გზაზე.

პირველი ბიოჰაკერი ის ადამიანი იყო, რომელმაც ღმერთი კაცად გამოსახა.


თანამედროვე ბიოჰაკერის მთავარი მიზანია შექმნას და განაახლოს საკუთარი თავი, გაზარდოს ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები, გაძლიერდეს ფიზიკურად და მენტალურად. ბიოჰაკერისთვის სიძლიერე ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, სისუსტე კი მუდმივად დასაგმობი.

ბიოჰაკერი ლიდერია. ის მუდმივად უბიძგებს საკუთარ თავს და გარშემომყოფებს აღმავლობისკენ. მისი წარმატების საიდუმლო შემდეგია: მას შეუძლია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბეჯითად და გულმოდგენედ დაკავდეს უსიამოვნო საქმიანობით. ეს მხოლოდ მაღალი ცნობიერების ადამიანებს შეუძლიათ.

ბიოჰაკერი არის ადამიანი, ვინც გამუდმებით ცდილობს ადამიანური არსებობის სრულყოფას.

¹Startup - ახალწამოწყებული ბიზნესი, დამწყები კომპანია.

2 Comments

  1. მარიამ ძალიან კარგი წამოწყებაა, ბოლო პერიოდში მეც ხშირად ვფიქრობ ხოლმე საკუთარი თავისთვის რაღაც პლატფორმის შექმნაზე, რომელიც გონებრივად და ფიზიკურად უფრო ჯანსაღს და პროდუქტიულს გამხდის. ეს პროცესი საქართველოში საკმაოდ რთულია რესურსების და სოციალური წრის ინტერესებს თუ გავითვალისწინებთ, თუმცა ეს დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. მაგრამ მაინც, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ესეთი ბლოგის არსებობა, ადამიანების გაერთიანება და მოტივაციის ამაღლება. good luck! 🙂

    1. მადლობა მარიტა! ძალიან გამიხარდა ეს კომენტარი. იმედია, დროთა განმავლობაში სხვა “ბიოჰაკერებიც” შემოგვიერთდებიან და ჩვენი სოციალური წრეც შეიქმნება! 😉

Leave a Reply