აზროვნების სისტემა #1: ანგარიშვალდებულება

“It’s easier to apologize than it is to get permission”. – Grace Murray Hopper

წარმატების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ჩვენი აზროვნების სისტემა (“mindset”¹), შემდეგ კი მუდმივად ვიზრუნოთ მის გაუმჯობესებაზე.

არსებობენ ორი ტიპის ლიდერები:

  1. “თანაშემწე” ლიდერი ყველა შეცდომას და წარმატებას ბედისწერას მიაწერს.
    ის ამბობს: “მე ვიცი ჩემი როლი და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეს პასუხისმგებლობები შევასრულო”.
  2. “მესაკუთრე” ლიდერი ყველა შეცდომას და წარმატებას საკუთარ თავზე იღებს.
    ის ამბობს: “მე არასდროს ვუშვებ, რომ სხვები არიან რამეზე პასუხისმგებელი. ანგარიშვალდებულება მხოლოდ ჩემია. სხვების წარუმატებლობა ჩემი წარუმატებლობაა.”

მესაკუთრე ლიდერი როგორც წესი, უფრო წარმატებული ლიდერია. მას მეტი პასუხიმგებლობის და ანგარიშვალდებულების გრძნობა აქვს, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში პრობლემებს უფრო ადვილად უმკლავდება და სათადარიგო გეგმაზეც მარტივად შეუძლია გადართვა.

* * *

2 წლის რომ ვიყავი, ყოველ საღამოს, ერთსა და იმავე დროს (8? 9?), მოუთმენლად ველოდებოდი სატელევიზიო გადაცემას “ღამე მშვიდობისა, პატარებო”. ეს ალბათ ერთადერთი საბავშვო პროგრამა იყო საბჭოთა კავშირის დროს. სხვა უბრალოდ არ დამამახსოვრდა. არც ამ გადაცემის კონტენტი მახსოვს მკაფიოდ, მაგრამ მუსიკა პროგრამის გამხსნელი და დამხურავი რგოლიდან, ე.წ. “ქუდიდან”, ახლაც შემიძლია წავიმღერო.

ჩემი 2 წლის ძმისშვილი ალექსანდრე არცერთ სატელევიზიო პროგრამას არ ელოდება. მან იცის, რომ თუ მულტფილმის ნახვა უნდა, დღის ნებისმიერ დროს შეუძლია ვინმეს youtube-ი ჩაართვევინოს და მოსთხოვოს ზუსტად ის მულტფილმი, რომლის ნახვაც იმ მომენტში გაუხარდება (“მაშა და დათვი”, anyone?).

რა ფსიქოლოგიური განსხვავებაა 2 წლის მარიამსა და ალექსანდრეს შორის?

მარიამს არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი სურვილები. არასდროს უფიქრია თუ რისი ნახვა სურს. ამაზე რომ ეფიქრა, უთუოდ დაიტანჯებოდა, რადგან მაინც ვერ ნახავდა იმას, რაც ნამდვილად სურს. მისი სურვილების ასრულება მასზე არ არის დამოკიდებული. ის უნდა დაელოდოს დღის კონკრეტულ მონაკვეთს, კონკრეტულ სატელევიზიო პროგრამას, რომლის კონტენტიც სხვების (ზრდასრული ადამიანების) მიერ არის დაგეგმილი.

ალექსანდრეს აქვს ინდივიდუალობის და თავისუფლების მეტი შეგრძნება. მან უკვე იცის, რომ რაც სურს, ის თავადვე უნდა მოიპოვოს. ამისათვის შეიძლება შრომა და გარკვეული დავალებების შესრულებაც დასჭირდეს, მაგრამ მისი სურვილების ასრულება მაინც მასზეა დამოკიდებული. ამასთანავე, ის ზედმიწევნით ზუსტად ასახელებს საკუთარ სურვილებს.

ეს უმარტივესი მაგალითია. ჩემი და ალექსანდრეს ბავშვობას შორის განსხვავება უამრავ სხვა დეტალშიცაა. მორალი: ზრდასრული ალექსანდრე ბევრად უფრო დამოუკიდებელი, თავისუფალი და თავდაჯერებული იქნება, ვიდრე ზრდასრული მარიამი. ხოლო რომელი იქნება უკეთესი ლიდერი, ამ დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდია.

* * *

კონტენტის ახალმა ფორმებმა და მიწოდების ახალმა არხებმა შემეცნება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. შემეცნების ხელმისაწვდომობამ თვითგამორკვევა დააჩქარა. თვითგამორკვევამ სურვილების მკაფიო გაცნობიერება გამოიწვია და ადამიანს მეტი ინდივიდუალიზმისკენ უბიძგა. შრომამ შესაძლოა მართლაც შექმნა ადამიანი, მაგრამ ტექნოლოგიამ ის გაათავისუფლა.

¹იქნებ ამ სიტყვის კარგი თარგმანი შემომაშველოთ?

3 Comments

    1. კი, მეც “აზროვნების სისტემაზე” ჩამოვყალიბდი ბოლოს, მაგრამ იქნებ რამე ერთ სიტყვიანი თარგმანიც შემომაშველოს ვინმემ… 🙂

Leave a Reply