სრული სპრინტი

სპრინტი ინგლისური ზმნა არის და მოკლე მანძილზე მთელი სისწრაფით გარბენს ნიშნავს.

გუშინ სკოპიეში ჩამოვედი და დღეიდან 2 კვირიან სპრინტზე გადავდივარ.

შაბათს მარშალი გამომეხმაურა და ბოლოს 2 კვირაში სან ფრანცისკოში შეხვედრაზე შევთანხმდით.

წინ დრამატული თავგადასავალი მელის. სან ფრანცისკოში წასვლამდე, 3 დღით ბერლინში ვრჩები. უკანა გზაზე კი 2 დღე ისლანდიაში უნდა გავატარო.

ორი კვირა მაქვს იმისათვის, რომ ამ მოგზაურობისთვის მოვემზადო. გასაკეთებელი საქმეები ჩამოვწერე, ყველა დღე დეტალურად დავგეგმე. ყველაზე მეტად ძილის რეჟიმის არევა მაღელვებს, ამიტომ ვცდილობ წინასწარ ნელ-ნელა გადავიდე ამერიკის დროზე.

*

სკოპიეში ჩამოსვლა ყველაზე მეტად დიეტის განახლების გამო მიხარია. თუ გსურთ, დიეტა დაარქვით, ზოგი ჩემი მეგობარი ტანჯვასაც ეძახის, მაგრამ ჩემთვის ეს უკვე ჩვეულებრივი ცხოვრების წესია.

ბოლო 3 წელია, მუდმივად განსაკუთრებული კვების რეჟიმში ვარ. სხვადასხვა დიეტებს ვცდი საკუთარ თავზე. შემდეგ სისხლის სრულ ანალიზს ვიტარებ და ვცდილობ საკუთარ თავზე დაკვირვების გზით კვებასა და პროდუქტიულობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ვიპოვო.

მაისიდან აგვისტოს ჩათვლით კეტოგენურ დიეტას ვიცავდი. კეტოგენური დიეტა დაბალი ნახშირწყლების, საშუალო ცილების და მაღალი ცხიმების შემცველი დიეტაა. ამ დიეტის დახმარებით ნაკლები ძილი მჭირდება, მეტი ენერგიით ვიღვიძებ, მეტი ხალისით ვმუშაობ და დაუშრეტელი ენთუზიაზმი მაქვს ცხოვრების მიმართ. ამ დიეტას სხვა პოზიტივებიც მოჰყვება: სახის კანის გადაწმენდა, თმის ცვენის შემცირება, წონაში კლება, და სხვა.

არ უარვყოფ, ხანდახან ვარღვევ რეჟიმს, მაგრამ ამ დროს იწყება ხოლმე დაღლილობა, არაპროდუქტიულობა, ავადმყოფობა, უხალისობა, უენერგიობა და სხვა უამრავი უსასიამოვნო გვერდითი მოვლენა, მათ შორის წონაში მატება…

*

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვიცოდი, თუ როგორ მოქმედებდა საკვები ჩემს ცხოვრებაზე და შრომის ინტენსიურობაზე. არც სკოლაში და არც ოჯახში, არავის უსწავლებია, თუ რა გავლენას ახდენს ცხიმები, ცილები და ნახშირწყლები, ან მათი კომბინაცია, გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებზე.

ბევრი წიგნისა თუ სტატიის წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვაკეთებთ მინიმუმ 70%-ით განპირობებულია იმით, თუ რას ვჭამთ. ყველა ჩვენი ახალი იდეა, გადაწყვეტილება, თუ სოციალური კავშირი დამოკიდებულია ჩვენს სხეულში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებზე.

თუკი წარმატების მიღწევა გვსურს, რატომ არ უნდა დავიწყოთ ამ პროცესების შესწავლა და შემდგომში მართვა უკეთესი შედეგების მისაღებად?

მიზნის მიღწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუკი:

ა) მიზანს დავისახავთ; და
ბ) ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე საჭირო ნაბიჯებს რიგრიგობით გადავდგამთ.

გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, რომ გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი სწორედ პირველი ნაბიჯია ამ გაუმჯობესებებისკენ.

ფოტო: Dave Lastovskiy

3 Comments

  1. ამ დიეტის შესახებ არ ვიცოდი და მოვძებნი აუცილებლად, ძირითადად ჩემით ვცდილობ ხოლმე ჯანსაღად კვებას, თუმცა დაბალანსება ალბათ აუცილებელი ფაქტორია, რაც დიეტით და წინასწარ დაგეგმვითაა მხოლოდ შესაძლებელი. ამერიკის რეჟიმს რაც შეეხება, ჩამოსვლისას უფრო რთულია მგონი მიჩვევა, მე საერთოდ არ მიცდია წინასწარ შეჩვევა, მაგრამ რომ ჩავედი და გეგმები დავაწყვე მეორე დღიდანვე კარგად ვიყავი, ხასიათი და განწყობა ძალიან მოქმედებს, მით უმეტეს თუ ნელ-ნელა ეწყობი უკვე იმ რეჟიმში 🙂 წარმატებულ და საინტერესო მოგზაურობას გისურვებ 🙂

Leave a Reply